ადამიანი ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა - ვინც ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია - მეუფე იაკობი

ადამიანი ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა - ვინც ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია - მეუფე იაკობი

სხვა ქვეყნებში ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ საკითხს.

„არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც გონებას აბინძურებს. ვაჟი და გოგო რომ გეყოლება, გიხარია და შემდეგ, თურმე თვითონ ირჩევს ვინ არის, ბიჭი თუ გოგო. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი, უნდა დაიხუროს ეს თემა ქართველებისთვის, რადგან ეს დიდი სისულელეა. სხვა ქვეყნებში თუ უნდათ იყვნენ მასე, ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. ყველა ლამაზია, ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც, რადგან მსოფლიოში არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო?

სხვაგან არის ასეთი რამ: მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი და ვხედავთ სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კი იფიქრებ, რომ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი.

ამიტომ, ჩვენთან პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, თუ მომავალში მიშას უნდა მოსვლა, უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ამავე საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ, პოლემიკაში შემოვიდნენ და აჩვენონ რა უნდათ და რა არა.

„ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია ეს პოლიტიკოსებიც გაერკვნენ რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ და გვაჩვენონ რა უნდათ, რა არა. იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ მერე ვიღაც სულელებმა რაღაც ახალი არ მოგვიტანონ“, - განაცხადა მეუფემ.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია