მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლი ლოგინში მოკლა, სასჯელის შემსუბუქება სურს და ფსიქიატრიული ანალიზის შედეგს ელოდება – სასტიკი მკვლელობის დეტალები

მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლი ლოგინში მოკლა, სასჯელის შემსუბუქება სურს და ფსიქიატრიული ანალიზის შედეგს ელოდება – სასტიკი მკვლელობის დეტალები

თბილისი, 9 იანვარი, დილის 06 საათი, როდესაც ყველას ეძინა, ბინიდან ქალის განწირული ყვირილი გაისმა. 27 წლის ქეთი ედიბერიძეს, საძინებელში 4 თვის შვილთან ერთად, სავარაუდოდ ეძინა, როდესაც შეიარაღებული ქმარი თავს დაესხა და დანით 15-მდე ჭრილობა მიაყენა.

წყვილი დმანისში ცხოვრობდა. ვარკეთილი 31 წლის გიორგი კავლელაშვილის მამის ბინაა, სადაც დამნაშავე ოჯახთან ერთად ბავშვის ექიმთან ვიზიტის გამო ჩამოვიდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში დამნაშავის მამაც იყო, რომელსაც გვერდით ოთახში ეძინა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დედის ყვირილის ხმამ გააღვიძა 4 თვის გოგონა, რომელიც შიშისგან გაუჩერებლად ტიროდა. ქეთი ედიბერიძე სისხლისგან იცლებოდა და ბავშვის აყვანა ვერ შეძლო. თავდამსხმელმა, ჩადენილი სისასტიკის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა. მანამდე მომხდარი მამას უამბო, შემდეგ კი მეზობლები გააღვიძა და 112-ში დარეკვა სთხოვა. “კურიერი P.S-მა” მეზობლის ჩვენება მოიპოვა.

“დილის 6 საათზე კარზე ძლიერი ბრახუნის ხმამ გამაღვიძა, კართან იდგა აღელვებული გიორგი. მითხრა, რომ ქეთი დავჭერი და პოლიციაში დარეკე, წამიყვანონო. შევედი მათ საძინებელ ოთახში, სადაც იატაკზე, სისხლის გუბეში იწვა ქეთი. ცოცხალი იყო, სუნთქავდა. ფერი არ ედო, ვერ ლაპარაკობდა და კვნესოდა. ამოიკვნესა ბავშვიო, მაგრამ ვერ დაასრულა. ვკითხე, ბავშვს რას აჭმევ მეთქი, პასუხს ვერ მცემდა, ვკითხე, ძუძუს აჭმევთქო? თვალებით მანიშნა კიო. ბავშვი ჩემს სახლში გავიყვანე, მალე პოლიცია და სასწრაფო მოვიდა”, – აღნიშნულია მეზობლის ელენე ოთარაშვილის ჩვენებაში.

ქეთი ედიბერიძე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს გიორგი კავლელაშვილი.

“კურიერი P.S.-მა” შემთხვევის ადგილის ამსახველი შემზარავი ფოტოები მოიპოვა, რომელსაც სრულად შეგნებულად არ ვასაჯაროებთ. სახლში დაგვხვდა, თუმცა საუბარი არ ისურვა მკვლელობაში ბრალდებულის მამამ, რომელიც ახლა გამოძიების მთავარი მოწმეა.

დამნაშავეს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და იმედი აქვს, რომ ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შეურაცხადობას დაადგენს, რაც პირდაპირ ნიშნავს სასჯელის შემსუბუქებას ან საერთოდ გაუქმებას.

ამ ვერსიას ავითარებს მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულის მამაც, რომელმაც კამერებთან საუბარი არ ისურვა. გიორგი კავლელაშვილის ფსიქიატრი პრობლემების სჯერა მისი უფლებების დამცველს.

მოკლული ქალის ოჯახი ერთთვიან დუმილს “კურიერი P.S.-თან” არღვევს. ქეთი ედიბერიძის დედამ და დამ მომხდარის შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას გაიგეს. იმ იმედით, რომ ქეთი ცოცხალი დახვდებოდათ, უახლოესი რეისით საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა იმედი გაუცრუვდათ. მარიამ ედიბერიძე ახლა ობლად დარჩენილ დისშვილს ზრდის. სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა დამნაშავემ წინასწარ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაგეგმა და ახლა ფსიქიკური პრობლემების ვერსიით, მძიმე სასჯელისგან დახსნას ცდილობს.

“ბავშვი შემთხვევის შემდეგ დმანისში წამოვიყვანეთ, ახლა მე ვუვლი, კარგად არის, ახლა 5 თვისაა. არ ყოფილა შეურაცხადი, იყო სრულიად ადეკვატური. არაფხიზელიც გვინახავს და არაფერი შეგვინიშნავს. მას ჰქონდა დაგეგმილი, დანა სოფლიდან წაიღო”, – ამბობს მარიამ ედიბერიძე.

მოკლული ქალის ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” იცავს. იურისტები დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების საფუძველს ხედავენ.

“აპრობირებული მეთოდივით არის ბოლო წლებში, როდესაც ხდება ასეთი მკვლელობები, განსაკუთრებით გენდერული ნიშნით, ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რაც ბრალდებულს შეღავათს ან გათავისუფლების შანსს აძლევს. აქ მნიშვნელოვანია, რომ გენდერული ნიშანი გამოიკვეთოს, ფაქტობრივად მძინარე ადამიანზე განხორციელდა ეს საშინელი დანაშაული”, – აცხადებს უფლებადამცველი.

“კურიერი P.S.”-თვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ უკვე გამოკითხა დამნაშავის ყოფილი მეუღლე, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში, ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, 31 წლის გიორგი კავლელაშვილს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

რამდენიმე კვირაში გამოძიება დასრულდება და სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებს. ახლა ყველაფერი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, გადაურჩება თუ არა ბრალდებული უვადო სასჯელს.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია