ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს – რა აღმოუჩინეს წყვილს საცხოვრებელ სახლში

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს – რა აღმოუჩინეს წყვილს საცხოვრებელ სახლში

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ამოიღეს სპეციალური ხელსაწყოებიც, რითაც წყვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გასაყიდად ამზადებდა.

დადიანის ქუჩის გარდა, თბილისში, ნარკორეალიზატორები სხვა ლოკაციებზეც დააკავეს. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს მამაკაცს, რომელიც აკრძალული ნივთიერებების რეალიზაციას აპლიკაცია – “ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად, ამოღებულია 34 შეკვრა “მეტადონი”, რომლის განთავსებას ბრალდებული, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე გეგმავდა.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გრძელდება აჭარაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, ბელარუსის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნაქირავებ ბინაში დიდი ოდენობით ნარკოტიკებს აფასოებდა და სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა. “კურიერს” ადგილზე დაუდასტურეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 8 პირი დააკავეს.

მხოლოდ მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სისხლის სამართლის 300-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამოღებულია 84 კილოგრამი “ჰეროინი”, 12 ათასამდე აბი “სუბოტექსი”, 2,5 კილოგრამი “კოკაინი” და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი და დაკავებულია 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია