ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გთხოვთ გააზიაროთ სტატია